საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

0
266

საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო    ფიჯის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.  

საქართველოს მოქალაქეებს ფიჯის ტერიტორიაზე ისევე როგორც ფიჯის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ შესვლა და ყოფნა არაუმეტეს 90  დღის ვადით 180 დღიან პერიოდში.

7 მარტს, საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ფიჯის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ინია სერუირატუ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და  სპორტის მიმართულებით. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა ხელი შეეწყოს ფიჯის რესპუბლიკაში და ზოგადად ოკეანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის პოპულარიზაციას. შესაბამისად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სექტორული სამინისტროების წარმომადგენელთა ვიზიტების ურთიერთგაცვლას, ასევე კერძო სექტორისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის  კონტაქტების დამყარებას პრაქტიკული თანამშრომლობის დაწყების მიზნით.

განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერებზე ყურადღების გამახვილებით. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ფიჯის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ. მოხდა აზრთა გაზიარება კავკასიის და ოკეანეთის რეგიონებში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონმა ინია სერუირატუმ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ფიჯის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

NO COMMENTS