„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

0
40


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე. სამოქმედო გეგმის თანახმად ამ ეტაპზე “არემჯიში” წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება. ეს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც 2020 წლისთვის სრულად აღმოფხვრის  წყლის დაბინძურების კუთხით კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და პორტუგალიური სამშენებლო კომპანია Elevolution-ის (http://www.elevogroup.com/en/) ტექნიკური და კომერციული მიმართულებების მენეჯერმა მიგელ გერეირომ მოაწერეს ხელი.

პროექტის მიხედვით აშენებული გამწმენდი ნაგებობები „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე არსებული ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. სამი დიდი გამწმენდი ნაგებობების დეტალური პროექტირება და მათი მშენებლობა 8 თვე გაგრძელდება.  მშენებლობისას გამოყენებული იქნება გარემოსდაცვით სფეროში აღიარებული გერმანული კომპანია Cerafiltec-ის (http://www.cerafiltec.com/) წყლის გამწმენდი ტექნოლოგიები. შედეგად, მდინარეები ფოლადაური, კაზრეთულა და  მაშავერა ისტორიული სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან მთლიანად იქნება დაცული.

„დღეს „არემჯი“ ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! სხვადასხვა კომპანიებთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ პორტუგალიურ კომპანია Elevolution-ზე, რომელიც მომდევნო 8 თვის განმავლობაში  „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე  წყლის გამწმენდ ნაგებობებს ააშენებს. ეს არის ჩვენი გუნდის ერთობლივი გამარჯვებაა, რაც ვფიქრობ, უმოკლეს დროში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს. პროექტის ჯამური საინვესტიციო თანხა 10 მლნ ლარია.“ – განაცხადა “არემჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

„Elevolution-მა დღეს “არემჯისთან“ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას სამი წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირების და მშენებლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია და ის უნდა განვიხილოთ არამხოლოდ ერთი პროექტის, არამედ ორ კომპანიას შორის სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ჭრილში. ასევე მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ პროექტზე ხელმოწერით ჩვენი კომპანია იწყებს სრულფასოვან ოპერირებას ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რაც ვიმედოვნებთ იქნება ძალიან წარმატებული სტარტი.“ – განაცხადა ELEVO-ს წარმომადგენელმა მიგელ გერეირომ.

NO COMMENTS