დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო

0
49

სოხუმის დაცემის დღიდან 26 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა, ანსამბლ „ორბელისა“ და „ბოლნელას“ წევრებმა კი გმირების პატივსაცემად საგალობლები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ.

„აფხაზეთი ყველა ქართველისთვის მტკივნეული საკითხია. განსაკუთრებით ამ ულამაზესი კუთხის დაკარგვას განიცდის ჩვენი თაობა, რომელთა თვალწინაც გაიარა ამ ომმა. 26 წლის წინ , 13 თვიანი ომის შემდეგ, ქალაქი სოხუმი დაეცა და ამ მოვლენამ ჩვენს გულებში დიდი სიცარიელე დატოვა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 281 მეომარი იბრძოდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 14 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, დღეს სწორედ მათ მივაგებთ პატივს და თითეული ჩვენგანის მოვალეობაა ამ გმირების ხსოვნა მომავალ თაობებსაც გადავცეთ. აფხაზები ჩვენი ძმები არიან და საქართველოა ის ადგილი, სადაც ისინი საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვას შეძლებენ”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY