ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ბავარიიდან ბიგ-ბენდს Reinhardt Reissner უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ბავარიიდან ცნობილი ბიგ-ბენდი Reinhardt Reissner-ის წევრები ესტუმრნენ. ბენდის ხელმღვანელი რაინჰარდ რაისნერი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო და მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დავით შერაზადიშვილმა გერმანელ სტუმრებს ბოლნისური ღვინო დააგემოვნებინა.

ბიგ-ბენდის წევრებისთვის ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა – გაყიდვა, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მცირე პერფორმანსი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურული ძეგლების ფოტოექსპოზიცია მოეწყო. ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში ასევე ქალთა ფოლკლორული ანსამბლ „ბოლნელას“ კონცერტი გაიმართა.

გერმანელმა სტუმრებმა, ვიზიტის ფარგლებში, ბოლნისის „სიონი“ მოინახულეს. ელიას მთაზე მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტერში ბიგ-ბენდის წევრები ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მიიღო. გერმანელი მუსიკოსებისთვის ანსამბლმა „ორბელმა“ ქარული ფოლკლორული სიმღერები და საგალობლები შეასრულა.

Reinhardt Reissner-ის წევრებმა ისტორიული გერმანული უბნები დაათვალიერეს, ძველ გერმანულ სარდაფში მე-5 საჯარო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურმა გუნდმა სტუმრების პატივსაცემად გერმანული სიმღერები შეუსრულა.

აღსანიშნავია, რომ რაინჰარდ რაისნერი ბოლნისს პირველად შარშან „ბოლნისქალაქობის“ დღესასწაულზე ესტუმრა.

„ყოფილმა გერმანულმა დასახლებამ ბოლნისმა დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, კერძოდ ბავარიიდან სტუმრებს უმასპინძლა. გერმანია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და მსგავსი ვიზიტები ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს ჩვენს ქალაქს კატარინენფელდისდროინდელი იერსახე დაუბრუნოს და ამით ბოლნისში ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს, ეს კი დაგვეხმარება მეტი გერმანელი და ევროპელი ტურისტი მოვიზიდოთ.
უახლოეს მომავალში იგეგმება ბოლნისსა და გერმანიის ერთ-ერთ ქალაქს შორის ოფიციალური დამეგობრება, რომელიც მოგცემს საშუალებას სხვადასხვა მიმართულებით გერმანული პრაქტიკა გავიზიაროთ,
დღევანდელი დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან შესაძლებლობა გვაქვს სამომავლო პროექტებზე ვისაუბროთ, რაც დადებითად აისახება ქართულ-გერმანულ მრავალწლოვან ურთიერთობაზე“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY