ბოლნისის მერმა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზზე“ გამარჯვებული ბოლნისელი მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზზე“ გამარჯვებულ ბოლნისელ მოსწავლეებს უმასპინძლა. დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდა ანიმატორებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

მოსწავლეების მიერ შექმნილმა ანიმაციამ ფესტივალზე ნომინაციაში “ექო თოფუზზე შექმნილი საუკეთესო ფილმი“ გაიმარჯვა. ღონისძიებას „თოფუზის“ დირექტორი ზურაბ დიასამიძე, ანიმაციის განვითარების ფონდის კოორდინატორი ანა გეჯაძე და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე დაესწრნენ. დავით შერაზადიშვილმა ზურაბ დიასამიძეს ფესტივალის ორგანიზებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

,,მინდა ფესტივალ „თოფუზში“ გამარჯვებულ ჩვენს მოსწავლეებს ეს დიდი წარმატება მივულოცო და მათ კვლავ არაერთი შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვო. ფესტივალი „თოფუზის“ არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ახალგაზრდებს ანიმაციის დიდ სამყაროს ახლოდან აცნობს და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ფილმის შექმნის პროცესში ბავშვების ჩართულობა ახალგაზრდებს ამ ხელოვნებას აყვარებს და შესაძლოა, მომავალში, სწორედ ფესტივალის დამსახურებით, საქართველომ არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ანიმატორი შეიძინოს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა და მომავალშიც ვგეგმავთ ამ პროექტის ხელშეწყობას. ვიმედოვნებ, რომ ეს თქვენი ბოლო ანიმაცია არ იქნება და ფილმების შექმნას კვლავ გააგრძელებთ. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება თანატოლებსაც გაუზიაროთ, რათა მათაც შეძლონ ამ დიდი ხელოვნების დახმარებით მათი იდეების რეალობად ქცევა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY